შიგთავსზე გადასვლა

სისტემა უნდა დაინგრეს!

27.02.2013

ამ პატარა წერილს რომ ვწერ, ბოლომდე გადაწყვეტილიც არ მაქვს, თუ როგორ მივმართო იმ ხალხს ვინ ამ ჩემი წერილის „ადრესატია“. ვფიქრობ უბრლოდ ჯობია ეს იყოს წერილი მათთვის, ვინც მას საკუთარ თავზე მიიღებს.

თითქმის ერთი წელი ვისმინეთ ყბადაღებული ლოზუნგი „სისტემა უნდა დაინგრეს!“, ვისმინეთ, დავირაზმეთ, ვიხუვლეთ და ერთ მშვენიერ დღეს დიდის გატაცებით შევუდექით ამ სისტემის ნგრევას. სისტემა საკმაოდ ადვილად ნგრევადი აღმოჩნდა და ახლაც ამ წუთებშიც წარმატებით განაგრძობს ჩამოშლას. სისტემა, რომელიც ცხრა წელი შენდებოდა სულ რამდენიმე თვეში ღაფავს სულს. რატომ? იმიტომ, რომ იგი დამარცხდა უფრო ძლიერ სისტემასთან ჭიდილში, სისტემასთან რომელიც მინიმუმ 200 წლის ისტორია აქვს.

ეს სისტემა მე და თქვენ ვართ მეგობრებო! სახელმწიფოებრიობის ტრადიციისა და შეგნების არ მქონე ხალხი, რომელიც ჯერ ცარისტულ რუსეთში სწავლობდა რუსულს, ხოლო შემდეგ საბჭოთა დოტაციის ნემსზე ნარკომანივით შემჯდარი ტკბებოდა ”კაი ცხოვრებით”.

გვაროვნულ-კლანური სისტემა, სადაც მთავარი პრინციპი ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა,  ნაცრისფერი უმრავლესობის მიერ ნებისმიერი განსხვავებულობის დევნაა – თან ეს ყველაფერი ”ტრადიციების”, ”კაცობისა” და ”მეობის” ფარისევლურ საბურველში იფუთება.

ესაა სისტემა, სადაც ფასეულობები 180 გარდუსითაა ამობრუნებული, სადაც კანონის დაცვა გოიმობაა, პატიოსნება სისუსტედ აღიქმება (არაერთხელ მინახავს ირონიული ღიმილი იმ ადამიანთა სახეზე, რომლებიც ვინმეზე იძახიან ”ნამეტანი პატიოსანიაო”) და რეალურად ცუდ ადამიანებს ”კაი ბიჭებს” ეძახიან;  სისტემა, სადაც ”ქურდი” პატივსაცემი სიტყვაა, ხოლო ”გლეხი” დასაცინი; სისტემა, სადაც სამშობლოს სადღეგრძელოს დიდის რიხით სვამენ ხოლო რეალურად, ხშირად, საკუთარი ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონის მორჩილებას – გადამთიელი დამპყრობელისთვის ფეხების ლოკვა ურჩევნიათ!

სისტემა, გარეგნულად ამაყი და ამპარტავანი, შინაგანად შინაარსისაგან დაცლილი და ფუყე. ”უძველესი” ტრადიციები რომელთა უდიდესი ნაწილი საბჭოთა ეპოქის ნაშობია და ძირძველ ქართულთან არაფერი აქვს საერთო, მითებისა და ზღაპრების კრებულად ქცეული ისტორია, სიტყვით ნაქები ტოლერანტობა – საქმით კი აგრესიული ჰომოფობია, ქალების ვითომდა გაღმერთება და პატივისცემა, სინამდვილეში კი მათი ბევრ ოჯახში რეალურად მოსამსახურის მდგომარეობაში ყოფნა.

საქმე მხოლოდ ზერელედ, გარეგნულად სინამდვილეში კი ნაცნობობა, ”ჩალიჩი”, ”ჩაწყობა”, ”მოწყობა”, ”მოტეხვა”, ”წველა”, მოკლედ – ფულის შოვნა კი არა ფულის ”კეთება”! და ეს რომ წარმატებით გამოდიოდა საბჭოთა დოტაციების დროს, ახლა კი რა თქმა უნდა ძალიან გართულებულია და საბჭოთა დროს შეჩვეული ახლა რომ ვეღარ ”იგულავებ” ამის ვერ გააზრება.

ქუჩის აკადემია! ბირჟაზე დგომა! – ახალგაზრდობის ამ სისტემის ყველაზე აგრესიულ ნაწილად ჩამომსხმელი კონვეიერი, სადაც ინდივიდუალობას კარგავ და ნაცრისფერი უმრავლესობის წევრი ხდები, ხოლო თუ ამ ნაცრისფერ მასას ფეხს არ აუწყობ – დაუნდობლად ირიყები. მახსოვს ერთი ჩვენი სანაქებო ინტელიგენტის ფრაზა 1991 წელს: ”ზვიად გამსახურდია ბირჟაზე არ მდგარა და ქვეყანას როგორ მართავსო”…

სისტემა, სადაც ყველაზე საყვარელი ლიტერატურული გმირები ყაჩაღები და ქურდები არიან (არსენა მარაბდელი, დათა თუთაშხია, ლიმონა დევდარიანი…), სადაც დღემდე სჯერათ, რომ ილია ჭავჭავაძე გლეხების მჩაგვრელი ბოროტი მემამულე იყო, ხოლო სტალინს საქართველოსთვის კარგი უნდოდა. სისტემა სადაც ანწუხელიძე სულ მალე აღარ ემახსოვრებათ, ხოლო მე-2 ზონის ”მაყურებელს” მემორიალს უხსნიან. სისტემა სადაც ავტობუსში ჯიბის ქურდს ხმას ვერ გასცემ, ხოლო ბილეთის შეძენისკენ მომწოდებელ კონტროლიორს ყველაფერს დაახუარვ თავზე, და არა მარტო შენ, არამედ მთელი ავტობუსი!

მთავარი მანკი ამ სისტემისა – ფარისევლობა.

ფარისევლობა რელიგიაში – ”ქრისტიანობის” დაჩემება იმათგან ვისაც ათი მცნებიდან თერთმეტი დარღვეული აქვს, ხოლო ბიბლია არც კი გადაუშლია, იმათგან ვისაც რწმენა რაღაც რიტუალთა ერთობლიობა ჰგონია, იმათგან ვინც ”ნაკლებად მკაცრ მამაოს” ეძებს, რათა ძველი გამოცვალოს და მოუთმენლად ელოდება როდის გამოიგონებენ სამარხვო ღორის მწვადებს.

ფარისევლობა მორალში – აი ის მომენტი როდესაც უკანასკნელი ნაძირალა პატიოსენბას გიწუნებს და გტუქსავს, როდესაც მილიონის მომპარავი ასი ლარის მომპარავს ამუნათებს, როდესაც სამშობლოს გამყიდველი პირზე დუჟმომდგარი ითხოვს წვრილმან დამნაშავეთა სასტიკად დასჯას, როცა დამანგრეველი აშენებულს უწუნებს ამშენებელს, როცა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწო ქალწულთა პანსიონის ხელმძღვანელად ინიშნება….

მოკლედ ჯუნგლები, სადაც ორდიპლომიან, მაგრამ სამწუხაროდ გაუნათლებელ გვაროვნულ მასას ყოველთვის თავის ნებაზე ათამაშებს ნებისმიერი მეტ-ნეკლებად გაქექილ ნაძირალათა ხროვა.

აი ეს არის მყარი სისტემა, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს, თვითკმარია და ვერ იტანს სხვა სისტემას, მით უმეტეს სისტემას რომელიც მისგან პატიოსან შრომას, ამპარტავნობის დათრგუნვასა და კანონების განუხრელ დაცვას მოითხოვს. ხოდა არცაა გასაკვირი რომ ამ სისტემასთან ჭიდილში დამარცხდა ბოლო 9 წლის მანძილზე მიმდინარე სახელმწიფოებრიობის მშენებლობის უბადრუკი და ახლა უკვე შეიძლება ითქვას წარუმატებელი მცდელობა.

დიახ მეგობრებო, ჩვენ ვართ ის სისტემა…

ხოლო სისტემა უნდა დაინგრეს!

27.02.2013

28 Comments
  1. გაიხარე ავტორო, ასე მეგონა მე ვლაპარაკობდი! დაგირჩა ენა და იცოცხლე დიდხანს!

  2. madlobt rom dzalian bevri adamianis satqmeli tqvit…. sistem unda daingres chvenshi.. shvilebi mainc agar unda davzardot am sistemis nacili.. torem gazrdili adamianebis shecvla udaod rtulia.

  3. ძალიან კარგი პოსტია, მწარე სიმართლით. “რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ” – ჯერ კიდევ არის ქართველი კაცების და არამარტო მათ ცნობიერებაში. ჩემი აზრით, ამდენი მანკი და ცრუ ფასეულობები უნდა გადავაფასოთ, ამისთვის კი ჯერ შეცდომების აღიარებაა საჭირო. არავინ აკრიტიკებს წარსულს, დაშვებულ შეცდომებს, გადაგვარებულ ტრადიციებს, ყველა უხმოდ იღებს და შემდეგ ეთანაყვანება მათ. აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ძალიან მტკივნეული თემაა და ამდენი ცუდის თქმის მერე, მინდა დამრჩეს იმედი, რომ ბევრი კარგიც გვაქვს.

  4. გმადლობთ, შესანიშნავადაა ჩამოყალიბერბული ყველა ჩვენი უბვედურების მიზეზები!

  5. მუდამ აქტუალური- ” სისტემა უნდა დაინგრეს!”

  6. Ilia Krikheli permalink

    ძალიან კარგი სტატიაა

  7. natushka permalink

    ჩვენი ერის ტრაგედია არის ის, რომ ძალიან ამპარტავნები ვართ. ეს ყველაზე საშინელი თვისებაა, რადგან ის ადამიანს ხელს უშლის დაინახოს საკუთარი მანკიერებები, შესაბამისად იზრუნოს მათ გამოსწორებაზე. ძალიან კარგი შეფასებაა ჩვენი ერის მორალური მდგომარეობის და ძალიან სამწუხაროა,რომ მხოლოდ ერთეულები აღიარებენ
    ამას:(

  8. ბრავო…!

  9. ნამდვილად ასეა…
    იმედია ბევრნი ვართ ვინც დაეთანხმება დღეს ამ ბლოგს…და ავიღებთ ჩვენ-ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, რომ ვიყოთ მინიმუმ წესიერი მოქალაქეები.

  10. Max permalink

    ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ლაურა ბუში ითხოვს ამოშალონ გეი ქორწინების მხარდამჭერთა სარეკლამო ვიდეოდან რომელიც მოამზადეს ადამიანის უფლებათა კამპანიის ჰომოსექსუალმა აქტივისტებმა http://www.thenewamerican.com/culture/faith-and-morals/item/14605-laura-bush-asks-to-be-deleted-from-gay-marriage-ad

  11. გეთანხმებით, ფარისევლობა და გაუხამსებული ღირებულებები, გაუკუღმართებული ზნეობა, გადაგვარებული ზნე- ჩვეულებები სისტემური და თვისობრივია ჩვენი საზოგადოებისთვის.

  12. არც ბოლო წლების სისტემა იყო ზედმიწევნით და ზუსტად ისეთი, “რომელიც მისგან პატიოსან შრომას, ამპარტავნობის დათრგუნვასა და კანონების განუხრელ დაცვას მოითხოვს”, თუმცა მთლიანად პოსტის აზრში გეთანხმებით. არ მომწონს, რომ “ნაცები” “აშეარებენ” თავქუდმოგლეჯით ამ პოსტს ფეისბუქზე. ის მომეწონებოდა, რომ ყველა იღებდეს ამ სიტყვებს თავის თავზე და არ იყვნენ მიკერძოებულნი რომელიმე მხარეს. ის მომეწონებოდა, რომ ვასიკოს ხუმრობებს ერთნაირად აფასებდეს ყველა, და არა ისე როგორც ადრე “ბიძინისტები” და ეხლა “ნაცები”. მეც ვარ ეგ სისტემა და ვმუშაობ საკუთარ თავზე დღემდე.

  13. alex permalink

    ყოჩაღ სოფო, ჭეშმარიტად რეალური სიტუაციაა დახატული. გეთანხმები (შენია თუ სხვისი, არ ვიცი, მაგრამ რადგან შენგან გავრცელდა, ე. ი. შენც ეთანხმები ავტორს!). “ეძიე თავი შენი”, “აბა დღეს მე ვის რა ვარგე”, “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, და ახლა მეტი არ მაგონდება, მაგრამ ამას დამატებული ‘ღვთის 10 მცნების’ ცხოვრებაში გატარება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ავაშენოთ რეალურად ჯანსაღი საზოგადოება, სადაც ერი იმდენად იქნება გაერთიანებული ერთი იდეის გარშემო, რომ ისეთი ავადმოფი ავანტიურისტები, როგორებიც წინა ხელისუფლების ელიტარული ნაწილის წარმომადგენლები არიან, ერთი წამითაც ვერ მოიკიდებენ ფეხს არა ხალხის ბედის განმსაზღვრელ თანამდებობებზე.

  14. A10warlord permalink

    shen shemogevle mara ro icode mainc aqaurobas araferi eshveleba meored mosvlamde 😀 😀

  15. ყველაფერი გასაგებია მარა დათა თუთაშხია ყაჩაღი და ქურდი რატოა ვერ გავიგე

  16. marina permalink

    ვეთანხმები ავტორს 100%-ით. უბედურება ისაა, რომ ქართველების უმეტესობა არ ფიქრობს ასე… დადგება კი ის დრო, როდესაც ქართველი ადამიანი მივა ჭეშმარიტებამდე?

  17. კარგია!

  18. ზვიად permalink

    ბრავო!

  19. BRAVO….BRAVO….BRAVISSIMOOOOOOOOOOOOOO

  20. ერთ სიტყვასაც არ დავამატებდი! გასაგებად, ყოველგვარი სიყალბისა და სიკეკლუცის გარეშე, ყველასათვის გასაგებ ენაზეა ჩამოყალიბებული ჩვენი ფაქტობრივი მდგომარეობა. ახლა – გამგები გაიგებს და ვაი, იმ კატეგორიას ადამიანებისა, აქედანაც რომ ვერაფერს ინიშნებს და თავდაცვას ან სხვის დადანაშაულებას დაიწყებს!!! საზოგადო საქმისთვის ფიქრი გვიჭირს , ქართველებო! -ჯერ კიდევ როდის შეამჩნია დიდმა ილიამ, და თუ საზოგადო ანუ საქვეყნო საქმე ყველასთვის, თითოეული ჩვენგანისათვის არ გახდა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი პირადი ან ოჯახური ინტერესები, არც მიშა გვიშველის და არც დავით აღმაშენებლის გაცოცხლება და ვიქნებით მუდმივ კატა-თაგვობანაში დიდი და საშიში რუსეთის კლანჭებში… გავწირავთ მრავალი სატანჯველისათ

    ვის ჩვენ პატარა საქართველოსა და ჩვენ საკუთარ შთამომავლობას – შვილებს, დიშვილებს, ძმიშვილებს, ახლობლების და მეგობრების შვილებს და მთელ ჩვენ მოდგმას და მომავალს

  21. ჩემთანაც წავიღე!

  22. ნებას თუ დამრთავთ ამ პოსტს http://tzona.org/ აქ წამოვიღებ.

  23. Gogi Lortkipanidze permalink

    ბევრი რამ, რბილად რომ ითქვას, საკამათოა. ტყუილისა და მართალის ნაზავი. უამრავი შტამპი და ლამაზად შეფუთული ცალმხრივობა. “დეტსკაია ბოლეზნ ლევიზნი” პლუს “ემიგრანტული მიშიზმი”. 🙂 სხვათა შორის, ერთ რამეს (ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე) ვურჩევდი ავტორს. როდესაც ამდენს იღებ თავის–თავზე და საკუთარ ხედვას საჯაროდ სთავაზობ მკითხველს, სჯობს მოაწერო ხელი – “ატკროი ლიოჩიკო, გულჩეტაი”!

  24. lgabelia permalink

    Rusudan პრობლემა არ არის

    Gogi Lortkipanidze მშვენივრად იცით ვინ ვარ, https://lgabelia.wordpress.com/about/ აგერ წერია კიდეც 🙂

    საკუთარი აზრის გამოთქმა როდიდან გახდა “ამდენს იღებ თავის–თავზე”?

  25. Gogi Lortkipanidze permalink

    კარგია, რომ დააზუსტეთ. მადლობთ 🙂 “საკუთარ თავზე აღება”, სხვათა შორის, ცუდი არაა და გარკვეულ ამბიციაზე მეტყველებს, ესაა და ეს. ისე “ნაცებს” დღეს მხოლოდ ივანიშვილი – მისი ძალაუფლება და ავტორიტეტი და ე.წ. “კოჰაბიტაცია” – იცავს. მე კიდევ ლიბერალი ვარ. ეს ისე, ცნობისთვის.

  26. lgabelia permalink

    მით უარესი ჩვენთვის ყველასთვის. (არა იმდენად ნაცებისთვის)

  27. კარო permalink

    ამიხსენით ვინმემ: 1) რატომ შეცვალა ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუცია და მოარგო ის მილიარდერს, როდესაც ამ მილიარდერმა თვითონ დაარღვია ეს კონსტიტუცია საფრანგეთის პასპორტის მიღებით? 2) რატომ გადასცა პრეზიდენტმა ის სამინისტროები ახალ მთავრობას, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით არ უნდა გადაეცა? პასუხი: ნაციონალურმა მოძრაობამ შეგნებულად გადაცა ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფეობაში გაურკვეველ, არაპროფესიონალ ხალხს! არის ეს პასუხი სიმართლე თუ არა?

Trackbacks & Pingbacks

  1. სისტემა უნდა დაინგრეს! | თავისუფალი ზონა

დატოვე კომენტარი